logo
ENG



სუნაკი და ტრუდო ზელენსკის პოლონეთში აფეთქებებზე "სრული გამოძიების მნიშვნელობაზე" ესაუბრნენ

16 ნოე 202213:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/16/6ogtr1329bbffps.jpg
Leon Neal / Getty Images

ბრიტანეთისა და კანადის პრემიერმინისტრები რიში სუნაკი და ჯასტინ ტრუდო უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრნენ და პოლონეთში 15 ნოემბერს აფეთქებებზე "სრულფასოვანი გამოძიების მნიშვნელობას" გაუსვეს ხაზი.

დაუნინგ სტრიტის ადმინისტრაციის ცნობით, სატელეფონო საუბრისას ბრიტანეთის და კანადის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ რაც არ უნდა იყოს ამ გამოძიების შედეგი, უკრაინაში მიმდინარე ძალადობა პუტინის პასუხისმგებლობაა.

"პრემიერმინისტრმა [სუნაკმა] და პრემიერმინისტრმა ტრუდომ პოლონეთში გუშინ რაკეტების ჩამოვარდნის უკან არსებულ გარემოებებში სრული გამოძიების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. მათ აღნიშნეს, რომ რაც არ უნდა იყოს ამ გამოძიების შედეგი, მიმდინარე ძალადობაში დამნაშავე უკრაინაში პუტინის შეჭრაა“ - აცხადებს დაუნინგ სტრიტი.

სუნაკმა და ტრუდომ უკრაინას მხარდაჭერა ხელახლა გამოუცხადეს და გუშინ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად მიღებული დანაკარგების გამო ზელენსკის მიუსამძიმრეს.

პოლონეთის ტერიტორიაზე, 15 ნოემბერს უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლულინში 2 რაკეტა ჩამოვარდა. პოლონეთი ადასტურებს, რომ მათ ტერიტორიაზე რუსული წარმოების რაკეტა ჩამოვარდა. 

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობს, რომ "15:40 საათზე პოლონეთ-უკრაინის საზღვართან, რუსული წარმოების რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც პოლონეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დაიღუპა".

შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ელჩი დაიბარა და "მოითხოვა სასწრაფო, დეტალური განმარტებები".

პოლონეთს პრემიერმინისტრმა "კრიზისული სიტუაციის გამო" უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სასწრაფო სხდომა მოიწვია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას და ამბობს, რომ გავრცელებული ცნობები "მიზანმიმართული პროვოკაციაა ესკალაციის მიზნით".

პოლონეთმა დაადასტურა, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და მომხდარის გამო, სამხედრო მზადყოფნის გაზრდის შესახებ განაცხადა

მომხდარის შემდეგ, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ესაუბრა. სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი აკვირდება სიტუაციას და მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად დადგინდეს ფაქტები. 

ახლა მსოფლიო ლიდერები აცხადებენ, რომ უნდა გაირკვას დეტალები, თუ რა მოხდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კი თქვა, რომ ნაკლებადსავარაუდოა, რაკეტები რუსეთიდან ყოფილიყო გაშვებული. 

გამოცემა Associated Press სამ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდ, უკრაინელმა სამხედროებმა გაუშვეს, რათა რუსული რაკეტა ჩამოეგდოთ.

AP-ის თქმით, რაკეტა უკრაინელმა სამხედროებმა ესროლეს მოახლოებულ რუსულ რაკეტას ენერგო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მასიური თავდასხმის დროს, რომელიც წინა დღეს განხორციელდა.


close დახურვა